16-დეკ-2021

კაფეს გახსნა თუკი გადაწყვიტეთ, წინ ნამდვილად საინტერესო გამოცდილება გელოდებათ. წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო გრძნობა დაგეუფლებათ, როცა უამრავი წყვილი, მეგობარი თუ კოლეგა სწორედ თქვენს კაფეში გააბამს საუბარს მნიშვნელოვან და საინტერესო ამბებზე, რა თქმა უნდა, გემრიელი ყავისა და მენიუს თანხლებით. იმისათვის, რომ მეტი სტუმარი მოიზიდოთ, მნიშვნელოვანია, კაფე  გემოვნებით მოაწყოთ და სწორად მართოთ. ჩვენ მიერ შემოთავაზებული გზამკვლევი დაგეხმარებათ პროცესების დაგეგმვაში ისე, რომ კმაყოფილი დარჩეთ თქვენც და თქვენი მომავალი სტუმრებიც.

1. გამოიკვლიეთ კაფეს ბიზნესი

კაფეს გახსნას ორი მნიშვნელოვანი ინვესტიცია სჭირდება - დრო და ფინანსები. ამისათვის აუცილებელია, შეისწავლოთ, თუ რა არის საჭირო წარმატებული კაფეს გასახსნელად. ბაზრის გამოსაკვლევად, ბუნებრივია, დრო დაგჭირდებათ. კარგი იქნება, თუ დაუკავშირდებით და გაესაუბრებით ამ ბიზნესში გამოცდილ ადამიანებს, კაფეს მფლობელებს, მენეჯერებს. უნდა შეისწავლოთ, რა კუთხით უნდა იმუშაოთ, რომ მომხმარებლის მოთხოვნა და ინტერესები მაქსიმალურად გაითვალისწინოთ. ამაში კი მათთან კომუნიკაცია დაგეხმარებათ. ასევე მნიშვნელოვანია, ესტუმროთ სხვადასხვა კაფეს, გარკვეული დრო გაატაროთ იქ და დააგემოვნოთ კერძები, ამგვარად უფრო მარტივად მოიფიქრებთ თქვენი ობიექტისათვის შესაბამის კონცეფციას - რით იქნებით განსხვავებული? ვინ შემოვა თქვენს კაფეში? დღის რომელი მონაკვეთი გექნებათ დატვირთული? რა მოცულობის ფინანსური რესურსის ჩადება მოგიწევთ და ა. შ. ეს პროცესი გარკვეულწილად სასიამოვნოც იქნება, რადგან მოინახულებთ უამრავ კაფეს და თან უკეთესად ჩამოაყალიბებთ თქვენს ხედვას.

2. განსაზღვრეთ თქვენი ხედვა

პირველი ნაბიჯის შემდეგ გონებაში უკვე გექნებათ  წარმოდგენილი, როგორი იქნება თქვენი კაფე. ამ ეტაპზე შთაგონება მნიშვნელოვანია, რადგან უკვე უნდა დაიწყოთ ატმოსფეროს შექმნა, ფოტოების, დიზაინების შეგროვება, მოიფიქროთ მენიუ, რა სახის საკვები იქნება თქვენს კაფეში, როგორ იგრძნობს თავს სტუმარი თქვენთან. მკაფიოდ განსაზღვრეთ თქვენი ხედვა, იყავით თანმიმდევრულები, შეარჩიეთ შესაბამისი სახელი, რომელიც თანხვედრაში იქნება ინტერიერის დიზაინთან, ჭურჭელთან, მომხმარებელთან ურთიერთობის სტანდარტებთან. ასევე უნდა დაიმახსოვროთ: ყველას ვერ მოეწონებით, წარმატების საიდუმლო იმის გააზრებაა, თუ ვისთვის ქმნით ამ ყველაფერს.

3. შექმენით დეტალური ბიზნეს გეგმა

ბიზნეს გეგმა აუცილებლად დაგჭირდებათ, ნუ შეგეშინდებათ გეგმის დაწერის, ბიზნეს გეგმის დაწერის პროცესი დაგეხმარებათ რეალურად შეისწავლოთ ადგილობრივი ბაზარი და დააკვირდეთ იმ ციფრებს, რომლებიც გჭირდებათ წარმატების მისაღწევად. ბიზნეს გეგმა დაგეხმარებათ თქვენი კაფეს განვითარებისა და მართვის თითოეულ ეტაპზე. ის იქნება ფაქტობრივად საგზაო რუკა, თუ როგორ უნდა ააწყოთ, მართოთ და გაზარდოთ თქვენი ახალი ბიზნესი. ბიზნეს გეგმა უნდა შეიცავდეს:
• შეჯამება: რას წარმოადგენს ეს ბიზნესი და რით იქნება ის გამორჩეული.
• ადგილობრივი ბაზრის ანალიზი: ვინ იქნება თქვენი რეგულარული მომხმარებელი? ვინ არიან თქვენი კონკურენტები?
• გუნდი: რის გაკეთებას აპირებთ თვითონ, გჭირდებათ თუ არა დამატებითი გუნდის დაქირავება კონკრეტული საქმის შესასრულებლად?
• მარკეტინგული გეგმა: რით განსხვავდებით? რა ტიპის საკომუნიკაციო კამპანიებს დაგეგმავთ?
• რა მოცულობის ფინანსური რესურსი დაგჭირდებათ საქმის დასაწყებად და საიდან წამოვა ეს რესურსი?
• ფინანსური პროგნოზები: პროგნოზირებული მოგება და ზარალი, ფულადი სახსრები
• ადგილმდებარეობისა და იჯარის სტრატეგია.
ბევრი დრო და ფიქრი დაგჭირდებათ თქვენი ბიზნესის თითოეული ასპექტის დაგეგმვისათვის, თუმცა თქვენც იცით, რომ წარმატებისათვის ეს აუცილებელია.

4. აირჩიეთ ადგილმდებარეობა

ნებისმიერი კაფეს წარმატებისთვის მდებარეობა გადამწყვეტია. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გარკვეული დრო გაატარეთ იმ ლოკაციებზე, რომლებსაც განიხილავთ. ყურადღება მიაქციეთ რამდენი ადამიანი მოძრაობს ფეხით და არის თუ არა პარკინგი ხელმისაწვდომი. არის თუ არა საკმარისი მოძრაობა გარშემო თქვენი კაფეს შესამჩნევად? როგორია მდებარეობა დემოგრაფიული თვალსაზრისით? რა სახის საქმის კეთება უყვარს ადგილობრივ საზოგადოებას? რა ტიპის ოფისებია გარშემო? არის თუ არა ლოკაცია დატვირთული სტუდენტებითა და მოსწავლეებით? არიან თუ არა ისინი თქვენი სამიზნე აუდიტორიის წარმომადგენლები? უნდა დარწმუნდეთ, რომ სწორი მდებარეობა გაქვთ შერჩეული. ასევე მნიშვნელოვანია იჯარის/შესყიდვის დეტალების გაგება, ამ დოკუმენტის პირობები გავლენას მოახდენს თქვენი ბიზნესის მოგებიანობასა და გაყიდვის ღირებულებაზე. კარგი იქნება გაესაუბროთ იურისტს, სანამ რაიმე დოკუმენტს მოაწერთ ხელს.

5. იპოვეთ საუკეთესო მომწოდებლები

ნებისმიერი ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია საიმედო მომწოდებლების პოვნა. იმის მიხედვით, თუ რა ტიპის კაფეს ხსნით, ძირითადი მომწოდებლებისგან გჭირდებათ:  ყავა, რძე, პური, ახალი პროდუქტები და სასურსათო პროდუქტები. ასევე დაგჭირდებათ ჭიქები (ქაღალდი და ფაიფური), ხელსახოცები, ყავის მოსარევი, ჩაიდანი… სია გრძელია, ამიტომ შეადგინეთ რაც შეიძლება დეტალური სია. შემდეგ დაიწყეთ მომწოდებლების კვლევა მანამ, სანამ არ იპოვით მათ, ვისი პროდუქტი და მომსახურება ზუსტად შეესაბამება თქვენს ბიზნეს კონცეფციას.

cafe distribution

6. კომერციული აღჭურვილობა

რაც შეეხება აღჭურვილობას, შეგიძლიათ განიხილოთ რამდენიმე ვარიანტი:
• შეიძინეთ აღჭურვილობა;
• იპოვეთ მომწოდებლები და იქირავეთ ყველაფერი;
• აიღეთ სესხი, ან განვადებით გამოიტანეთ სასურველი აღჭურვილობა;
არ დაგავიწყდეთ აღჭურვილობის შემთხვევაშიც დეტალური სიის შედგენა, თუ რა გჭირდებათ დაუყოვნებლივ, და რა არა, ამიტომ გაანაწილეთ პრიორიტეტები და, შესაბამისად ხარჯებიც.
გაყავით აღჭურვილობა 2 ნაწილად:
ტექნიკური მოწყობილობა ადმინისტრაციული საქმიანობისთვის (მონიტორები, ლეპტოპი, როუტერი, ფულის უჯრა, სალარო აპარატი).
სამზარეულოს აღჭურვილობა (ყავის აპარატები, ღუმელი, გაზქურა, ბლენდერი და სხვა).

7. დააპროექტეთ თქვენი კაფე და მიეცით მას ხასიათი

კაფეს დიზაინს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მომხმარებლების მოსაზიდად და განმეორებითი სტუმრობისთვის. კონცეფცია, მეტწილად დამოკიდებული უნდა იყოს თქვენს სამიზნე აუდიტორიაზე. როგორი იქნება? - თანამედროვე, რეტრო, დახვეწილი, ოჯახური. გააანალიზეთ თქვენი მომხმარებლის გემოვნება და კაფე დააპროექტეთ ამის გათვალისწინებით. კიდევ შეგახსენებთ, ნუ ეცდებით ყველას ასიამოვნოთ - ერთი კონცეფციის არჩევა და მასზე კონცენტრირება ბევრად უფრო მყარ იდენტობას შექმნის. კარგი იქნება, თუ ფინანსებს გამოყოფთ და იდეების ხორცშესხმას პროფესიონალ დიზაინერს მიანდობთ.

8. შექმენით გემო, რომელიც მომხმარებელს დააბრუნებს

თქვენი მენიუ უნდა გამოხატავდეს თქვენს ხედვას. იფიქრეთ საფირმო კერძზე ან სასმელზე, რომელიც მხოლოდ თქვენ გექნებათ და იმაზე ააწყვეთ დანარჩენი მენიუ. იფიქრეთ დაახლოებით 10-12 სახეობის კერძსა და სასმელზე, რომელიც მენიუში ყველაზე მოთხოვნადი სახეობა იქნება. ამ ეტაპზეც ნუ იფიქრებთ, რომ ყველას მოაწონოთ თავი. მნიშვნელოვანია იფიქროთ ვეგანურ და ვეგეტარიანულ კერძებზეც. მენიუ უნდა იყოს ფინანსურად მოგებიანიც, მოიწვიეთ მზარეული, ჩამოწერეთ კერძები, სასმელები, გაწერეთ ინგრედიენტები და შესაბამისად განსაზღვრეთ ფასები. არ დაგავიწყდეთ მენიუს ვიზუალი, როგორი იქნება როგორც ელექტრონული, ასევე ფიზიკური, ქაღალდის მენიუ. მიაქციეთ ყურადღება ფერებს, დიზაინს, ფონტს, ეს ყველაფერი თანხვედრაში უნდა იყოს კაფეს კონცეფციასთან.

9. დაიქირავეთ შესაბამისი ადამიანები

ნებისმიერ გამოცდილ კაფეს მფლობელს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ პერსონალი ბიზნესის წარმატების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ამიტომ ეძებეთ კადრები, რომელთა დამოკიდებულებაც დაემთხვევა თქვენსას. სწორი და ერთნაირი ღირებულებების კადრების შერჩევა ძლიერ კოლექტივს ჩამოაყალიბებს. ასევე არ დაგავიწყდეთ თქვენი თანამშრომლებისთვის სახელფასო და საბონუსე სისტემის ჩამოყალიბება, კვალიფიკაციისა და უნარების გასაუმჯობესებელი კურსების დაგეგმვა.

cafe soft manager

10. შეარჩიეთ ბიზნესის მართვის პროგრამა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ბიზნესის მართვისთვის არის პროგრამული უზრუნველყოფა, თქვენს შემთხვევაში, უნდა შეარჩიოთ კვების ობიექტის მართვის სისტემა, რომელიც დაგეხმარებათ გააციფრულოთ ბიზნესი. პროგრამაში დეტალურად უნდა შეიტანოთ ინფორმაცია კერძებზე, გაწეროთ კალკულაციები, ნედლეულის ფასები, რის შემდეგაც დათვლით თვითღირებულებას და შესაბამისად, გასაყიდ ფასს. ასევე პროგრამის დახმარებით შეგიძლიათ შესყიდვებისა და გაყიდვების შესრულება. ყოველდღიურად შეტანილი ინფორმაცია მოგცემთ ზუსტ ციფრებს როგორც სასაწყობე ნაშთებზე, ასევე ფინანსურ დანახარჯებსა და მოგებაზე. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში მუშაობა დასაქმებულებსაც შეასწავლოთ, რათა გამოირიცხოს ადამიანური შეცდომები და ყოველდღიური, რუტინული სამუშაო პროგრამას მიანდოთ. არ დაგავიწყდეთ გამოყოთ ბიუჯეტი პროგრამული უზრუნველყოფისთვის, დღეს-დღეობით საკმაოდ მოქნილია ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, რომელსაც ყოველთვიური გადახდის სისტემა აქვს და ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტი მოგეპოვებათ შეძლებთ ობიექტზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას.

11. გაავრცელეთ ინფორმაცია თქვენი კაფეს შესახებ

კაფეს გახსნამდე თვეებით, ან კვირებით ადრე უნდა დაიწყოთ ინფორმაციის აქტიური გავრცელება. სოციალური მედია ამ მიმართულებით ძალიან დაგეხმარებათ, კაფეები განსაკუთრებით ინსტაგრამს უყვარს. დაპოსტეთ ბევრჯერ, დაპოსტეთ კრეატიულად, გააზიარეთ ინტერიერი, ლოკაცია, მენიუ. გადაიღეთ პროფესიონალური ფოტოები და ვიდეოები. მოიწვიეთ გახსნაზე სტუმრები. მონიშნეთ ლოკაცია Google Map-ზე, გამოიყენეთ word of mouth მარკეტინგი, პარტიზანული მარკეტინგი... დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ გაზიარებული კონტენტიინტერაქციული და მიმზიდველია. სთხოვეთ თქვენთან მოსულ კლიენტებს თვალი ადევნონ თქვენს გვერდებს სოციალურ ქსელში, რათა არ გამორჩეთ სპეციალური შეთავაზებები.

12. კაფეს გახსნა

კაფეს საზეიმო გახსნის დაგეგმვა დაიწყეთ ადრე. დარწმუნდით, რომ გყავთ საკმარისი პერსონალი ღონისძიებისთვის და შეამოწმეთ ნებისმიერი სხვა ადგილობრივი მოვლენა, რომელიც შეიძლება ემთხვეოდეს თქვენი კაფეს გახსნას. არ დაგავიწყდეთ სასიამოვნო მუსიკა და სადღესასწაულო გაფორმება. გავლილი ნაბიჯების შემდეგ კაფეს გახსნა იქნება დასაწყისი ახალი, საინტერესო თავგადასავლების. უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება თქვენს მომხმარებლებთან. ისიამოვნეთ თქვენი ახალი ბიზნესით და თვალი ადევნეთ ბიზნეს პროცესებს როგორც კაფეში, ასევე დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.


14-მარ-2024
სიახლე რესტორნებისთვის - მიიღეთ შეკვეთები მიმტანის მობილური აპლიკაციით
კომპანია FINA წარმოგიდგენთ მიმტანის აპლიკაციას, რომელიც გარდაქმნის აქამდე არსებულ გამოცდილებას და გაზრდის რესტორნების მუშაობის ეფექტურობას. თანამედროვე სამყაროში დროს და სისწრაფეს მომსახურებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
12-ივლ-2023
FINA-ს რესტორნის მოდული დაინტეგრირდა GLOVO-ს, WOLT-ისა და BOLT-ის მიტანის სერვისებთან
პირველად საქართველოში, კვების ობიექტებში შემოსული შეკვეთების ავტომატური ასახვა FINA24-ის ქლაუდ სარესტორნო მოდულშია შესაძლებელი, რაც ამარტივებს ყოველდღიურ პროცესებს და პასუხობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს.
24-თებ-2023
გაყიდვების მობილური აპლიკაცია მაღაზიისთვის
კომპანია FINA-ს მიერ შემუშავებული აპლიკაციის საშუალებით უკვე მობილურიდანაც შეგეძლებათ განახორციელოთ გაყიდვები, მართოთ მარაგები და გამოწეროთ სასაქონლო ზედნადები. აღარ დაგჭირდებათ ძვირადღირებული POS-ტექნიკის შეძენა და განთავსება - რაც მცირე ფართის შემთხვევაში ძალიან მოსახერხებელია.
5000+
ორგანიზაცია უკვე იყენებს FINA-ს
#
ANYDESK
დატოვეთ შეტყობინება
დაგვიკავშირდით