სიახლეები

   

2020 წლის ბიზნეს ტრანსფორმაცია, წარმატებული გარდასახვის ოქროს წესები




2020 წელი ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი, ბიზნეს სექტორისთვის გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. გაჩნდა ახალი მოთხოვნები და საჭიროებები, რომელსაც ბიზნესი უნდა აკმაყოფილებდეს. თუ დავაკვირდებით, ეს პროცესები წელს არ დაწყებულა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა დგებოდა ტრანსფორმაციის საჭიროება, რასაც ბევრმა წარმატებულმა კომპანიამ უკვე მიმართა, გაიმარტივა ბიზნეს პროცესების მართვა, თუმცა ბევრი ბიზნესი გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე ამ დრომდე ტრადიციული გზით სვლას ამჯობინებდა. 2020-მა წელმა სწორედ ეს პროცესები დააჩქარა, ბიზნესებს „ აიძულა“ ცვლილებებისადმი მეტად ღია ყოფილიყვნენ იმისთვის, რომ უბრალოდ წინ წასულიყვნენ.

კვლევების მიხედვით, ის კომპანიები, რომლებიც ნებისმიერ დროს მზაობას გამოხატავენ ტექნოლოგიური თუ სხვა სახის განვითარებისთვის 60%-ით ზრდიანი მუშაობის ეფექტურობას, ეს კი, 40%-ით აუმჯობესებს დასაქმებულთა კმაყოფილებას, რაც პირდაპირ დადებითად აისახება კომპანიის საქმიანობაზე, თუმცა აქ დამატებით, მნიშვნელოვან როლს შიდა კომუნიკაცია და პროცესების თანამიმდევრულობა წარმოადგენს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც არა მხოლოდ გარე, არამედ შიდა კორპორატიული ცვლილებებიც კი, არ არის სტრატეგიულად დაგეგმილი, შესაძლოსთან შედარებით დაბალ შედეგებს ვიღებთ. დასაქმებულთა 29% აღნიშნავს, რომ ახალმა პროექტებმა მხოლოდ 30%-ით გააუმჯობესა კომპანიის მდგომარეობა, წარუმატებლობა კი, შიდა კომუნიკაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული.

გთავაზობთ 5 გზას წარმატებული ბიზნეს ტრანსფორმაციისთვის:

1. ობიექტურად შეაფასეთ თქვენი ბიზნესის საჭიროება და შესაძლებლობების დონე

ხშირად ხდება, როდესაც კომპანიის საჭიროებები სუბიექტურად დგინდება კომპეტენტური ბაზრის ანალიზის გარეშე, ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მცირე და საშუალო კომპანიები ირჩევენ ლიდერი კომპანიების გზით სვლას, აქვთ სურვილი მათ მიბაძონ, მაგრამ რეალურად არ გააჩნია ამის რესურსი. ამ დროს საჭიროა რეალური რესურსების გაანალიზება.

2. ყველაზე რთული პირველი ნაბიჯის გადადგმაა

ერთია, როდესაც კომპანიის წარმომადგენლები ხვდებიან საჭიროებას, მაგრამ მეორეა მზაობა და პირველი ნაბიჯის გადადგმა. როგორც წესი, საჭიროებების იდენტიფიცირება ხდება მენეჯერების მხრიდან, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი კომპანიის საქმიანობაში, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები მაინც კომპანიის ხელმძღვანელობაა, ამ დროს ყველაზე რთული სწორედ მათთვის ამ საჭიროების დანახვა და მოქმედებაში დარწმუნებაა. ასევე ცნობილია, რომ ხელმძღვანელობის მთავარი აქცენტები ბიზნესის ბრუნვასა და მომგებიანობაზე კეთდება. ამიტომ, მენეჯერების მოვალეობაა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს დაანახონ ის პერსპექტივა, რაც კომპანიაში აღნიშნულ ცვლილებებს მოყვება.

3. განავითარეთ თქვენი ბიზნესის პროგრამული უზრუნველყოფა

წარმატებული ბიზნეს ტრანსფორმაცია იწყება პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულების განვითარებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომავალი ტექნოლოგიებსა და ციფრულ სამყაროშია. ის საქმე, რასაც რამდენიმე წლის წინ 2-3 ადამიანი სჭირდებოდა, ახლა პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით 1 ადამიანსაც ძალიან სწრაფად შეუძლია გააკეთოს, ამას გარდა, გაქვთ ლავირების საშუალება, მომხმარებლებთან პირდაპირი და უკუკავშირის შესაძლებლობა, რომლის სწორად გამოყენებაც პირდაპირპროპორციულად აისახება თქვენი ბიზნესის წარმატებაზე.

4. თანამშრობლებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია

თანამშრომლები ის ადამიანები არიან, რომლებსაც ყოველდღიურად თქვენი კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, ისინი წარმოადგენენ თქვენს ბიზნესს მომხმარებლებთან, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ თავს გრძნობდნენ კომპანიის ნაწილად. ერთად განიხილეთ კომპანიის საჭიროებები, მიზნები და დასახეთ ამოცანები, პერიოდულად გააცანით შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია და სიახლეები, რომელსაც კომპანიაში ნერგავთ. დროული და სრულყოფილი ინფორმაცია ზრდის ბიზნეს ტრანსფორმაციის ეფექტურობას და დადებით გავლენას ახდენს შედეგებზე.

5. და ბოლოს, იყავით მოქნილი და შესაძლებლობა მიეცით ახალ იდეებს

თუნდაც ძველი კარგად ნაცადი, ყოველთვის არ ნიშნავს საუკეთესოს, მსოფლიო სწრაფი ტემპებით ვითარდება, რამდენადაც ბიზნესის წარმომადგენლები შიშით უყურებენ სიახლეებს, იმდენად მომხმარებლების საყვარელ კომპანიებს წარმოადგენენ ისინი, რომლებიც მუდამ მოძრაობაში არიან, მათ მუდმივად სიახლეებს სთავაზობენ და მყისიერად უწყობენ ფეხს თანამედროვე ცხოვრების სტილს.


3500+
ორგანიზაცია უკვე
იყენებს FINA-ს